დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან, აცვიათ სამოქალაქო ტანსაცმელი და კეფაში ტყვიის კვალი აქვთ - ეპარქიის განცხადება

08 აპრილი 2019, 00:00 3497 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ბათუმში, სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესიების დროს, 30-იან წლებში დახვრეტილი მოქალაქეების შესახებ აღმოჩენილ სამარხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს, სადაც განმარტავენ რატომ მიიჩნევს საპატრიარქო, რომ მიცვალებულთა ნეშთები სწორედ 1930 წლებში რეპრესირებულებს ეკუთვნით. 

21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც.

"აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).
დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები.
სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ" - წერია ეპარქიის განცხადებაში. 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განმარტავენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ინფორმაცია იყო საჯარო, რადგან მათი ინფორმაციით ამ პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. 

"შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება... სამხედრო ბაზის ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების პროცესში ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც. გათხრები მიმდინარეობდა კრიმინალური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სამხედრო ბაზის სიახლოვეს მცხოვრებთა ნაწილი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს" - წერია წერილში.

როგორც ეპარქიაში აცხადებენ, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ი, სადაც 4 სამარხში 150 გარდაცვლილის ნეშთი იპოვეს, დაუსახლებელი იყო. "ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, მიცვალებულთა ნაშთები(ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს". 

ლაზეთისა და ბათუმის ეპარქიამ, საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშთები აღმოჩენისა და მისი დაკრძალვის შესახებ 2019 წლის 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია. 

 

ამავე კატეგორიაში