სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას დღეს კენჭს ისევ უყრიან

08 აპრილი 2019, 00:00 1299 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, საგამოცდო რეფორმის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა 5 აპრილს ჩავარდა.  ინიციატივას, დღეს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით, განმეორებით უყრიან კენჭს. 

მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ დარბაზში ტექნიკური ხარვეზი იყო, ხმა არ ისმოდა, რაც კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი გახდა. 

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, საჭირო იყო 22 ხმით მეტი.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა 5 აპრილს თქვა, რომ ინიციატივის ჩავარდნაში საგანგაშო არაფერი იყო და საკითხი კენჭისყრაზე ისევ დადგებოდა.

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გარდა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა, მთავრობის წევრებმა დაახლოებით ორი თვის წინ დააანონსეს. 

საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილავდა. 

ამავე კატეგორიაში