''მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება'' - აქცია სასამართლოსთან 

05 აპრილი 2019, 00:00 1866 ნახვა

''მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება'' - ამ ლოზუნგით, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების ოჯახის წევრები, აქციას მართავენ. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილები და მოსამართლეს ობიექტური განაჩენის გამოტანისაკენ მოუწოდებენ.  

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს, შესაძლოა ოთხი ბრალდებულის - იმედა აბაშიძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემაა აქვს, საპატიმროში დატოვების შემდეგ კი მდგომარეობა უფრო დამძიმდება. 

''იმედა ეტლით გადაადგილდება, ციხის პირობებს ვერ გაუძლებს, ვთხოვთ მოსამართლეს ესეც გაითვალისწინოს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრალდებულის ბაბუამ. 

სისხლის სამართლის საქმეზე 11 პირია ბრალდებული. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ქურდული გარჩევები, ფულის გამოძალვა, ზეწოლა, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი და წევრობა – ამ ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარასა და თბილისში 10 მოქალაქე, 17 ივლისს დააკავა, კანონიერ ქურდს, მინდია “ლავასოღლის” კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში