გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა - CRRC-ის კვლევა

05 აპრილი 2019, 00:00 1389 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან კი სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს. 

სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%, ნაწილობრივ ენდობა 31%, საერთოდ არ ენდობა 20%, კითხვაზე პასუხისგან კი თავი 5%-მა შეიკავა. 

ერთ-ერთი კითხვარის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 43% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არსებობს. კლანს კი მოქმედი ხელისუფლების წევრები უჭერენ მხარს. 

გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებმა სასამართლოს სისტემა უნდა დატოვონ და სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

კითხვაზე: უჭერენ თუ არა მხარს მოქმედი ხელისუფლების წევრები, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ კი. 3 % ფიქრობს, რომ არა. 10% კი არ პასუხობს. 

 

 

ერთ-ერთი კითხვარის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა კვალიფიციურია, 35% კი ამბობს რომ კორუმპირებული. 

 

''გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია'' - წერენ გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს კი გამოკითხულთა უმეტესობა, სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილება  2,3%-ს შეადგენს.

განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება - სიუჟეტი ⤵

საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი მედიას აქვს. ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ დაბალი ნდობის ხარისხით სარგებლობს მოსახლეობაში პარლამენტი და სასამართლოც, მათ გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ენდობა. მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს.

ასევე გამოკითხულთა უმეტესობა უნდობლობას უცხადებს პრეზიდენტსა და პრემიერს. კვლევას არ ენდობა უმრავლესობის წევრები, ოპოზიცია კი ამბობს, რომ დოკუმენტი არსებულ რეალობას ასახავს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში