''დაიცავი ძველი ბათუმი'' - პროკლამაციები აქტივისტმა თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა

27 მარტი 2019, 00:00 3368 ნახვა

"ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს!

ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი, ძველი ბათუმის დასაცავად!" - ამ შინაარსის პროკლამაციები სტუდენტმა ბათუმის დრამატული თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა, სადაც საპრემიერო ჩვენებას პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

  "ჩვენი ქალაქი არის საფრთხეში, ქაოსური განაშენიანებით და ძველი ბათუმისთვის საფრთხის შექმნით. ამ ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში შეუძლებელია იყო ბედნიერი, არაფერი კეთდება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ისტორიული ზონაც თუ არ დაზარალებულა, მალე დაემუქრება საფრთხე. ისტორიული ზონის დამტკიცებასაც ვერ ვეღირსეთ, მე შევეცადე ყველა ფორმით მიმეწვდინა ხმა და მეთქვა მათთვის ჩვენი სათქმელი, თუ რა გვაწუხებს მოქალაქეებს" - განაცხადა მარიამ მუთიძემ

 

აქცია-პერფომანსს გამოეხმაურა სპექტაკლზე მყოფი პარლამენტის წევრი. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სიტყვის გამოხატვისა და მოქალაქის პოზიციის დაფიქსირების საინტერესო გამოხატვის ფორმა იყო.

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია, სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათავლისწინებელი".

ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი" და საზოგადოება "ბათომი" 2016 წლიდან ითხოვენ, ბოლო პერიოდში კი გამოსვლები და აქციები  ინტენსიური გახდა. 

მოქალაქეები ქალაქის ქაოსურად განაშენიანებას, სანაპირო ზოლში ცათამჯენების მშენებლობას, ისტორიული და კულტურული ურბანული ქსოვილის განადგურებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფას აპროტესტებენ. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კი ისტორიული დაცვის ზონის შემოღებას ითხოვენ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციების დაწესებას.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში