ანა დოლიძე: ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძის ინიციატივაც ''ქართული ოცნების'' პოზიციას გამოხატავს

11 მარტი 2019, 00:00 1446 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, უვადოდ მოსამართლეების გამწესების შესახებ, მმართველი გუნდის დაპირისპირებული მხარეების მიერ შეტანილ ორივე კანონპროექტს ანა დოლიძე "ქართული ოცნების" პროექტად განიხილავს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისა და  ეკა ბესელიას ინიციატივებს აღიქვამს, როგორც „ქართული ოცნება ერთის“ და „ქართული ოცნება ორის“ განცხადებებს - ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

ანა დოლიძის განმარტებით, ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს იმ „კლანის" ძალაუფლებას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია. უფრო კონკრეტულად, ორივე ინიციატივით, „კლანი" ისევ ათ მოსამართლეს წარუდგენს დეპუტატებს და ათივე მოსამართლეს ხმათა 2/3 სჭირდება.  ანა დოლიძის თქმით, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა სიის შერჩევაში, ასევე იგნორირებულია, როგორც დღეს. 

"არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რაიმე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რაც გვაქვს. როგორც ეკა ბესელიას, ისე ირაკლი კობახიძის კანონპროექტში გარკვეული პროგრესული ცვლილებებია შეტანილი, რომელიც ვფიქრობ, ჩემი და ნაზის ინიციატივიდანაა წაღებული. ეს რა თქმა უნდა, სჯობია იმ რეალობას, რომელიც გვქონდა დეკემბერში, ე.წ. ფურცელზე დაწერილ სიას, მაგრამ ორივე ინიციატივაში დატოვებულია ათი ხმა, რომელიც საჭიროა სიის შესადგენად. ორივე ინიციატივაში 2/3-ით ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის საჭირო, ისევე როგორც დღევანდელ, მძიმე რეალობაში იყო ეს. შედგება სია, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტი იწყებს განხილვას. ანუ პარლამენტს საშუალება არ ექნება იმსჯელოს კანდიდატურებზე, რომელიც არ იქნება არჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ. გამოდის რომ ორივე კანონპროექტი გზას იტოვებს, მოლაპარაკებები წარიმართოს „კლანთან ", ათ ხმასთან, რომლებიც საბჭოშია, რათა იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება "ოცნება ერთისთვის" ან "ოცნება ორისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საუბარია კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ ინდივიდუალურად მოამზადეს და პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ამავე კატეგორიაში