''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭო - ეკა ბესელიას კანონპროექტს მოსამართლეებზე მხარს არ დაუჭერს

20 თებერვალი 2019, 00:00 1450 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ განწესების 5 წლით გადავადებას გულისხმობდა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა და წარედგინა პარლამენტს, ამასთან მისი განხორციელება მოსამართლეების რაოდენობას გაანახევრებს და გადატვირთული სასამართლოს პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. 

„კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, მისი თქმით, უმრავლესობა აცხადებს სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.

„ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტი დღეს სასესიო ფორმატში 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს. კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლამდე გადავადებას გულისხმობს. 

გუშინ, 19 თებერვალს, იურიდიულ კომიტეტზე საკითხი ჩავარდა. ეკა ბესელიას და  8 დეპუტატის ინიციატივას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, შედეგად გაჩნდა წინასწარი ვარაუდი, რომ დოკუმენტი სესიაზეც იგივე ბედს გაიზიარებს.

ამავე კატეგორიაში