სოცმუშაკები წინასაგაფიცვო რეჟიმში

10 თებერვალი 2019, 00:00 1754 ნახვა

“სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი  წინასაგაფიცვო პროცესშია. თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი გაფიცვას დაიწყებენ. სოცმუშაკები ამბობენ, რომ პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და ბენეფიციარებს დახმარების ნაცვლად, საჭირო დახმარების მიღებაში ხელს უშლის. სამუშაო რესურსის სიმწირე, კვალიფიკაციის პრობლემა და შეუსაბამო პირობები - ამ და სხვა მიზეზებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს, შშმ პირებს და ხანდაზმულებს  სერვისის მისაღებად თვეობით ლოდინი უწევთ, უარეს შემთხვევაში კი ისინი დახმარების გარეშე რჩებიან.

სოცმუშაკის სტატუსი საქართველოში პირველად 2000 წელს გაჩნდა, როდესაც დიდი მოცულობის ბავშვთა სახლების ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა და ბავშვთა სახლები დაიხურა. დღეს სოციალური მუშაკები მუშაობენ ბავშვებთან და ოჯახებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ხანდაზმულებთან და სხვა ადამიანებთან. მათი სამუშაო მოიცავს ბენეფიციარების კონსულტაციას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, თერაპიას, რესოციალიზაციაში მხარდაჭერას. სოციალური მუშაკები ოჯახების გაძლიერებაზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური დახმარება, სამუშაო უნარების გამომუშავებასა და სამუშაოს მოძებნაში მხარდაჭერა, სოციალური უნარების ამაღლება და სხვა. საკმაოდ საპასუხისმგებლოა მათი ვალდებულებები.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში