შსს ამბობენ, რომ ციფრებში დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ანალიზით მძიმე დანაშაულებები შემცირდა

05 თებერვალი 2019, 00:00 1572 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის მაჩვენებლების გაზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ციფრების მატება მკვეთრად გაუმჯობესებული დანაშაულის აღრიცხვიანობის შედეგია. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით ციფრები ვერ გახდება რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ანალიზი, რომელიც მიხედვით მძიმე დანაშაულებები უცვლელი ან შემცირებულია გასულ წელთან შედარებით. 

სტატისტიკის მატებას კი მინისტრის მოადგილე ყველა შემთხვევის რეგისტრაციით ხსნის: "რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი... მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი უცვლელია ან შემცირებულია".

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ კერძოდ უცვლელია მკვლელობების (108, 109) მაჩვენებელი, 2,5 %-ით შემცირებულია ყაჩაღობა, ხოლო 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

სტატისტიკური ზრდის 75% შსს ინფორმაციით,  საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე) მოდის. აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა.

უწყებაში ფიქრობენ, რომ სტატისტიკის მატება ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებითა და პოლიციისადმი გაზრდილი ნდობის ხარჯზე მოხდა., რადგან, მათი მტკიცებით, გაიზარდა მიმართვიანობა.

"მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ.
სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა" - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

ამავე კატეგორიაში