კაზინოს თანამშრომლები ''მეტროს'' დაპირებულ ანაზღაურებას სთხოვენ

30 იანვარი 2019, 00:00 6064 ნახვა

სასტუმრო ''ინტურისტში'' მდებარე, ''ლიბერთი კაზინოს'' ყოფილი თანამშრომლები, ''მეტრო სითის'' შენობაში არიან შეკრებილები, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან შეხვედრას და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს დასაქმებულთა ნაწილისთვის ორი თვის, დანარჩენებისთვის კი ერთი თვის ხელფასი არ გადაუხდია.      

კომპანია "მეტრო" სასტუმრო ინტურისტის მფლობელია, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული "ლიბერთი კაზინოსთან".

შენობაში სამართალდამცველებიც იმყოფებიან, რომელიც სავარაუდოდ ობიექტის დაცვის სამსახურმა გამოიძახა.   

''გვატყუებენ დაგერიცხებათო. არავინ არ გვხვდება, არ გვაქცევენ ყურადღებას. გავიგეთ, რომ ამ შენობაში ცხოვრობს გალიფი (ბიზნესმენი), ამიტომ მოვედით. პოლიცია ვინ გამოიძახა არ ვიცით. ჩვენ მათთვის არ მიგვიმართავს. თუ არ მოგვცემენ ხელფასს სხვა ფორმებს გამოვძებნით, ადვოკატს მივმართავთ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს კაზინოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კაზინოს დახურვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიაწოდეს, სახელფასო თანხა კი მოტყუებით წაიღეს. 

''თავდაპირველად გვითხრეს სარემონტო სამუშაოები იქნებაო, დასაქმებულების ნაწილს უნდა დაესვენა. თვის ბოლო იყო, ხელფასების გაცემა იწყებოდა. ნაწილმა აიღო კიდეც. დაახლოებით ორი საათი იყო, ''მეტრი სითის'' თანამშრომლები მოვიდნენ, ჩვენი ფული აიღეს და ''მოიპარეს''. დაგვტოვეს ასე''.  

''ვიღაცა წარმომადგენელი გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს. ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ ანაზღაურებას. თვე ნახევრის ხელფასი მაქვს ასაღები და ასეა დიდი ნაწილი. არიან თანამშრომლები, რომლებსაც მხოლოდ ერთ თვის ხელფასი არ მიუღიათ'' - ყვებიან კაზინოს თანამშრომლები. 

კომპანიასთან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით პრეტენზია, დაახლოებით 300 თანამშრომელს აქვს. 

16 იანვარს,  ''ლიბერთი კაზინომ“  განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ დავალაინებას თვის ბოლომდე დაფარავდნენ

 

 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში