აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

22 იანვარი 2019, 00:00 4711 ნახვა

აჭარაში წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე, ორი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი ბინაზე. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსით ძირითადად 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში დაინფიცირდნენ. ორი შემთხვევა ქობულეთში, ერთი კი ხულოში დაფიქსირდა.

პედიატრი ნინო გვიშიანი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის კლინიკაში წითელას ვირუსის სიმპტომებით  2 წლის ბავშვი მიიყვანეს. პატარას გეგმიური აცრა გაკეთებული არ ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, ამ ეტაპზე კი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. 

ჯანდაცვის ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებსა და ქალაქში მოქალაქეებს მოუწოდებენ, აცრის სტატუსი შეამოწმონ და გაიკეთონ აცრა.​ რისკ-ჯგუფში არიან 15-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები. ვაქცინაცია უფასოა.

ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად,  სამი მობილური ჯგუფიც მუშაობს. მედიკოსები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს აცრებს ადგილზევე უკეთებენ. 

ფოტო: ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა უკვე გაკეთებული აქვს 376 მოქალაქეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები აქტიურობენ. 

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით, ასევე ინფიცირებული ადამიანის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადადის. 

გასულ წელს აჭარაში, წითელას ვირუსის 322 შემთხვევა დაფიქსირდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში