''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავა ჭიანურდება'' - EMC

18 იანვარი 2019, 00:00 2263 ნახვა

''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს'' - განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

EMC-ის წარმომადგენლები ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროულად განხილვისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადა დაირღვა. 

ორგანიზაციის წევრების განმარტებით, სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა.

''სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს'' - წერია განცხადებაში.

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე უარი უთხრა. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

ეროვნული სასამართლოების წინაშე მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი წარმოადგენენ.

''სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა 2018 წლის 20 თებერვალს. ამ სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, დავის საგანზე მოსარჩელე მხარესთან მოლაპარაკებების წარმოების მოტივით, სხდომის გადადება მოითხოვა. ორივე მხარის თანხმობით სასამართლო სხდომა სწორედ მითითებული საფუძვლით გადაიდო და სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცათ 1 თვიანი ვადა დავის საგანზე მოლაპარაკებების წარმოებისათვის. მერიის მიერ შემოთავაზებული უსამართლო პირობების მიუღებლობის გამო, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამ საკითხზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, დღემდე სხდომა ჩანიშნული არ არის.ამ საკითხზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, დღემდე სხდომა ჩანიშნული არ არის'' - ნათქვამია განცხადებაში. 

 

ამავე კატეგორიაში