''პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება'' -ხელშეკრულება დღეს გაფორმდა

14 იანვარი 2019, 00:00 6011 ნახვა

ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება  - ამის შესახებ დღეს სასტუმრო ჰილტონში გააკეთეს განცხადება და  მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს წარმომადგენლობა და ბათუმის პორტის დირექცია ხელს აწერენ. 

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ ბათუმელების იმ ჯგუფს, რომლებიც ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ და 20 იანვარს აქცია აქვთ ჩანიშნული. 

კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორებთან ერთად "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფნის შექმნას. ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express, რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში" - წერია პრესს რელიზში.

როგორც ცნობილი ხდება, Wondernet Express Investment Group-მა მინერალური სასუქების ახალი ლოგისტიკური დერეფნის შექმნისთვის უკვე გააფორმა შეთანხმება - საქართველოს რკინიგზასთან, ბათუმის პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზათან, ბაქოს ნავსადგურთან.

დაინტერესებული ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ ქიმიური ტერმინალის შექმნის პროექტის შემუშავებაში ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები, გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის უმსხვილესი მომწოდებლები მონაწილეობენ. ამტკიცებენ, რომ "კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის. მეტიც, დღემდე ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ნაყარი ტვირთების ოპერირებას აწარმოებს ტრადიციული ტექნოლოგიით, ნაყარი ტვირთების ოპერირების ტექნოლოგიური პროცესი (ხმელეთიდან გემში და პირიქით) ხორციელდება რამდენიმე ეტაპად და ღია სივრცეში, რაც განაპირობებს მტვრის გავრცელების მაღალ რისკს". 

ბათუმელების ნაწილი კი ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ. მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ტურისტულ ქალაქში ქიმიური საწყობის მშენებლობას. მაგალითად მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ქიმიური ტერმინალების აფეთქების ფაქტები და მსგავს რისკებზე საუბრობენ ბათუმში. 

მემორანდუმის გაფორმებაზე კომპანიას მოქალაქეები არ მიუწვევია განხილვაზე, რის შესახებაც სოციალურ ქსელში ორგანიზატორებმა პრეზენტაციას "საიდუმლო შეკრება" უწოდეს. 

მემორანდუმის მიხედვით, ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა 2 თვეში უნდა დაიწყოს და 14 თვეში დასრულდეს. 6 დღეში კი საინიციატივო ჯგუფი - "ქიმიური შეტევას ბათუმზე", ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში