ბათუმელები პირბადეებით პორტში ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ

14 დეკემბერი 2018, 00:00 3720 ნახვა

ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობას მოქალაქეები, ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობასთან აპროტესტებენ. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბათუმელები პორტთან სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქალაქს ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება, რადგან ნივთიერებები რომელიც ტერმინალში განთავსდება და გადამუშავდება, ჯანმრთელობისთვის საშიშია.

საინიციატივო ჯგუფის “ჩემი ბათუმის” წევრები აცხადებენ, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს. ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავენ და პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას სთხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ ტერმინალის მშენებლობა დაიწყება, აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან და “ყვითელი ჟილეტის” აქციას აანონსებენ. 

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ განცხადება გუშინ გააკეთა. მათი თქმით, ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის გახსნა იგეგმება, თუმცა ეს იქნება ორგანული სასუქების - შხამ ქიმიკატების შესანახი და გადამზიდავი ტერმინალი. 

"ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ყველა დონეზე ჩართულია საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია. დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს იქნება საფრთხის შემცველი ბათუმელებისთვის ან ჰაერის დაბინძურების კუთხით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოვა უსაფრთხო პროდუქცია - ორგანული მინერალური სასუქი, კარბამიდი. ეს ნივთიერება გამოიყენება სოფლის მეურნეობაში" - განაცხადა ბათუმის პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში