ბათუმის პორტი არა ქიმიური, არამედ ორგანული სასუქების ტერმინალის მშენებლობას ადასტურებს

13 დეკემბერი 2018, 00:00 4827 ნახვა

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ დღეს დაადასტურა, რომ პორტში ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის გახსნა იგეგმება, თუმცა  ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იქნება ორგანული სასუქების - შხამ ქიმიკატების შესანახი და გადამზიდავი ტერმინალი.  ის არ შეიცავს რაიმე ტიპის საფრთხეს მოქალაქეებისთვის, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია. მათ თქმით, ეს იყო დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. 

"ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ყველა დონეზე ჩართულია საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია. დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს იქნება საფრთხის შემცველი ბათუმელებისთვის ან ჰაერის დაბინძურების კუთხით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოვა უსაფრთხო პროდუქცია - ორგანული მინერალური სასუქი, კარბამიდი. ეს ნივთიერება გამოიყენება სოფლის მეურნეობაში" - განაცხადა ბათუმის პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა.

ბათუმის ნავსადგურში მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ტრანსკავკასიურ დერეფნში დამატებითი ტვირთბრუნვას გაზრდის. მათ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ "წელიწადში 1 200 000 ტონა კარბამიდის დამუშავება თანამედროვე შიდა ტერმინალის საშუალებით მოხდება, პროექტი დააკმაყოფილებს ყველა გარემოსდაცვით სტანდარტს და წესებს.  პროექტში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები, ასევე საერთაშორისო ტრეიდერი".

ბათუმის პორტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ "ეკოლოგია იყო და წარმოადენს ფუნდამენტურ ფაქტორს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობაში და ისინი ღია არიან საზოგადოებისთვის ყველა საკითხზე ინფორმაციის მიწოდებისთვის". 

ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ერთი თვის წინ გავრცელდა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტით მოხდება. 

მოქალაქეების ნაწილმა ინფორმაცია საფრთხის შემცველად მიიჩნია და საპროტესტო აქცია 14 დეკემბერს დაანონსეს

აქციის ორგანიზატორები, ფგ გვერდზე წერენ: "გავაგებინოთ ხალხს და ერთმანეთს თუ რა კატასტროფული დილემის წინაშე დაგვაყენეს ყაზახმა ინვესტორებმა, ერმა უნდა გაიგოს რამხელა მუხანათობას აქვს ადგილი,
ყველამ ერთად ვუთხრათ არა ქიმიურ შეტევას ბათუმზე, ერთად გადავარჩინოთ ეკოლოგია და ჩვენი მომავალი" - წერია ფბ გვერდზე. 

ფგ გვერდის "საქართველოს მცველი" ადმინისტრატორების ვინაობა უცნობია. 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში