აჭარის მაუწყებლის მასალა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საუკეთესოთა შორის დაასახელეს

03 დეკემბერი 2018, 00:00 10296 ნახვა

დეზინფორმაციის, ე.წ ფეიკ ნიუსებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების კონკურსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი გიორგი წეროძე დაჯილდოვდა. გადაცემა „ ვემსახურები საქართველოს“ ავტორსა და წამყვანს, ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებული კონკურსის ფარგლებში გადაეცა.

ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტ მარიამ მენაბდესა და რადიო „თბილისის“ პროდიუსერს მერაბ მერკვილაძესაც გადაეცა. პროექტში ქართველი, უკრაინელი, პოლონელი, სომეხი ჟურნალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდის, „ფეიკ ნიუსების“, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისა და მათთან ბრძოლა იყო. 

ჟურნალისტები პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა დააჯილდოვა. პროექტი, სახელწოდებით „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“, პოლონური პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა, მასში ჩართულია პოლონეთის სოლიდარობის ფონდი. საქართველოში მათი პარტნიორი კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრია.

პროპაგანდის ანატომია მაუწყებლის ეთერში 15 ოქტომბერს გავიდა. გადაცემა ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ლინკზეhttps://www.facebook.com/1370462279730280/videos/303157097190611/

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში