სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

28 ნოემბერი 2018, 00:00 1641 ნახვა

არჩევნების დღეს დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

მათგან ორი შემთხვევა ბათუმში მოხდა. საარჩევნო უბნების მიმდებარედ ადგილი ​ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაზარალებულები უკვე გამოკითხეს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კი გრძელდება. 

ასევე ცნობილია, რომ თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად მოქმედებები ტარდება. 

''მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ასევე ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. კიდევ ერთი შემთხვევა კი ქვემო ქართლში მოხდა. მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  ასევე თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით'' - აცხადებს მინისტრის მოადგილე. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში