შსს: ადვოკატის გავრცელებული ინფორმაცია, თურქეთში ლავასოღლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სიცრუეა

23 ნოემბერი 2018, 00:00 2693 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი.

''გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - კრიმინალური ავტორიტეტის, ლავასოღლის, იგივე მინდია გორაძის თურქეთის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ. ტელეკომპანიისა და ლავასოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

თურქი სამართალდამცველების მოწოდებული ინფორმაციით, ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 ივლისს აჭარაში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს” მინდია გორაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ლავასოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს.

მინდია ლავას ოღლი 2018 წლის 20 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას და მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა'' - წერია შსს-ს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში