''მამები სიმართლისთვის'' - მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან ''ქართული ოცნების'' ოფისამდე 

12 ნოემბერი 2018, 00:00 1779 ნახვა

''ოცნება კლავს'', ''დაისაჯოს თემირლანის მკვლელი'' - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას სთხოვენ. ისინი პარლამენტის შენობიდან, ''ქართული ოცნების'' ოფისამდე მსვლელობას აწყობენ. ითხოვენ დაისაჯოს სუს_ის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი.

აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ''სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მოკლა.''

საპროტესტო აქცია მსვლელობაში მოკლული მოზარდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მონაწილეობენ.

''ქართული ოცნების'' ოფისთან შვილმოკლული მამები განცხადებებს გააკეთებენ. 

26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში