განახლება: ირაკლი ჭეიშვილი - ''მეორე ტურში მე ჩავიბარებ ბათუმის შტაბის საქმიანობას''

02 ნოემბერი 2018, 00:00 5474 ნახვა

ბათუმის საარჩევნო შტაბს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ჩაიბარებს. პარტიის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ჭეიშვილი ბათუმის შტაბში ხელმძღვანელის მოადგილე იქნება, ფორმალურად კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე წარუძღვება. 

(დაზუსტება: მასალის გამოქვეყნების შემდგომ, ირაკლი ჭეიშვილიმა დააზუსტა მაუწყებელთან, რომ შტაბში გადაწყვეტილებებს ლაშა კომახიძესთან შეთანხმებით, ერთობლივად მიიღებენ).

ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესებში არ იყო ჩართული და ხვალიდან შეუდგება საქმიანობას. რა გახდა ბათუმში 7 ათასი ხმით წაგების მიზეზი? რას ფიქრობენ პარტიაში?

ირაკლი  ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. იქვე განმარტავს, რომ მიზეზი საზოგადოებაში რეალური უკმაყოფილება გახდა და არა შტაბის შეცდომები.

"უფრო მეტი კომუნიკაცია გვჭირდება მოქალაქეებთან, თუმცა ბუნებრივია შტაბის მუშაობის შეცდომების შედეგი არ ყოფილა დიდი სხვაობით წაგება ბათუმში. მოქალაქეები განაწყენებულები არიან და საჭიროა მოხდეს ამის ანალიზი. დარწმუნებული ვარ მეორე ტურში გავიმარჯვებთ, თუმცა ეს პრობლემას არ ხსნის, პირიქით, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, რომ გავითვალისწინოთ ის განაწყენების მიზეზები და ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. ყველანი ძალიან მოდუნებულები ვიყავით და არ ველოდით ასეთ შედეგს, ახლა მობილიზაციას გავაკეთებთ და ხვალიდან ჩავერთვები" - ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი. 

კითხვაზე, რა გახდა ბათუმელების განაწყენების მიზეზი, რას ფიქრობენ შტაბში და პარტიაში, ჭეიშვილი ამბობს რომ ამის ანალიზი ახლა ხდება.

"ვფიქრობ უფრო გლობალური, ვიდრე ლოკალური საკითხები. ვგულისხმობ ლარის კურსს და ა.შ. მაღალმთიან რაიონებში ამ ფაქტორების გათვალისწინებით მაინც მივიღეთ ხმები, ამიტომ ალბათ შესასწავლია რატომ არის ამომრჩეველი განაწყენებული ბათუმში, ანალიზის პასუხებს გეტვით, ჯერ პროცესში ვართ. ფაქტია კონკრეტულ ქალაქებში წავაგეთ. ქალაქი უფრო მეტს ითხოვს, შედეგი სახეზეა". 

ჭეიშვილი ბათუმში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს 2013 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ხელმძღვანელობდა.  

მისივე ინფორმაციით, აჭარაში 6 მუნიციპალიტეტის შტაბის უფროსი იგივე პოზიციაზე დარჩა, მათ შორის ქობულეთში, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ასევე წააგო. 

 

 

 

ამავე კატეგორიაში