სააკაშვილი მხარდაჭერის და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერობას დამპირდა - შალვა ნათელაშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:00 5535 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზაფხულში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები ჰქონდა. მხარდაჭერისა და გამარჯვების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილი მას პრემიერ მინისტრობას დაჰპირდა.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერდა. ''საზოგადოება იფიქრებდა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოისყიდეს, ამას ვერ გავაკეთებდი'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას ნათელაშვილმა. 

პირველმა ლეიბორისტმა გაერთიანებულ ოპოზიციას კანდიდატიც დაუწუნა და თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ლევან ვარშალომიძე სჯობდა, რადგან მას უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდა. 

​შალვა ნათელაშვილმა თავის გამოსვლაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზეც ისაუბრა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

ამბობს, რომ ნაციონალებთან ოპონირება შეაჩერა. ''ახლა ეს გველვეშაპია წასაქცევი'' - უთხრა მოსახლეობას ნათელაშვილმა. 

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ბათუმის თოჯინების თეატრში მოსახლეობას ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში