ბავშვებში თვალის დაავადებების სტატისტიკა იზრდება - რა კავშირშია ახალი ტექნოლოგიები 

22 ოქტომბერი 2018, 00:00 4103 ნახვა

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასითაა გაზრდილი - თუ 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იყო, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 125 ათასს გადააჭარბა. 

ახალი ფაქტები ფიქსირდება ბავშვებშიც. ექიმები ფაქტს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ. ამბობენ, რომ პატარა ეკრანზე ყურების დროს თვალი განსაკუთრებით დაძაბულია. მოზარდები კი ტელეფონთან ხშირად რამდენიმე საათს ატარებენ.

სპეციალისტების განმარტებით, ბავშვი დღის განმავლობაში, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან მხოლოდ ერთ საათს უნდა ატარებდეს. მშობლები კი ამბობენ, რომ კონტროლი უჭირთ, პატარები კი ეკრანებთან დაგეგმილზე უფრო დიდხანს რჩებიან. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000 გადააჭარბა. 

მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრემლდენა და მხედველობის გაუარესება აწუხებთ. თუ ისინი სიმპტომებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევენ მდგომარეობა რთულდება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საერთო მონაცემები ზრდა სადაზღვევო სისტემისა და სამედიცინო პროგრამების ამოქმედებას უკავშირებენ.  განმარტავენ, რომ კლინიკებში ​ მიმართვიანობაც შესაბამისად გაიზარდა. 

საყოველთაო ჯანდაცვა ამჟამად გლაუკომის და  კატარაქტას ოპერაციებს აფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი ინდივიდუალური პროგრამის ფარგლებში, ექიმის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარების განცხადებებს განიხილავს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო თანხას გადაურიცხავს. 

ამავე კატეგორიაში