ყინჩაურის მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას დრო კვირის ბოლომდე მისცა

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2378 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქციები განაახლა და პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას დრო კვირის ბოლომდე მისცა. ისინი ხელისუფლებას კომპანია ''აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ შუამდგომლობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. 

მოქალაქეები უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. მათი თქმით, ტერიტორია გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ და დაწერონ დასკვნა, რომ აღნიშნულ სოფელში ცხოვრება უსაფრთხოა. 

მოსახლეობის პროტესტი სოფელში გვირაბის მშენებლობას მოჰყვა, 2016 წლიდან დღემდე ისინი აქციებს სისტემატურად მართავენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მშენებლობის დაწყების შემდეგ ყინჩაურში სასმელი წყალი დაშრა, ასევე დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და იკლო მოსავალმაც. 

გამაფრთხილებელ აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მან  ხელისუფლებას  მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შეახსენა და განაცხადა, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოქალაქეების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. 

აქციის მონაწილეებს „აჭარისწყალი ჯორჯია“ წერილობით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ საცხოვრებელი სახლები სამშენებლო მოედნებიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები  სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაზიანებას ვერ გამოიწვევდა.

'' შუახევი ჰესის პროექტით გათვალისწინებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები რომ 2016 წელს დასრულდა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, სოფელ ყინჩაურში, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში, კომპანიამ მოახდინა გეოდეზიური დაკვირვების წერტილების დამონტაჟება (2017 წლის მაისი). აღნიშნული მონიტორინგის მონუმენტების პირველადი მონაცემები შემდგომი მონიტორინგის წარმოებისათვის გადაეცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამავდროულად, აქტიური სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თემის და ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, კომპანია ასევე აწარმოებდა რეგულარულად წყაროს წყლის დაკვირვებას სოფელ ყინჩაურში. ბუნებრივი წყლების მონიტორინგის შედეგები კვარტალურად ეგზავნებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2014-2016 წლებში. აქვე, ხულოს მერიის ინიციატივით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპანიამ განახორციელა სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში. ჰესის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე'' - წერია განცხადება

ამავე კატეგორიაში