ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს და შსს მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2876 ნახვა

“ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზაზა ოქუაშვილმა ''რუსთავი 2-ის'' ეთერში ისაუბრა. 

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა უშუალოდ თხოვა 4 მილიონი ლარი იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენს 25 მილიონი უკან დაბრუნებოდა. მისივე მტკიცებით, თანხის გამოძალვაში ჩართულები იყვნენ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მის თანამშრომლებს იარაღის მუქარით, ბიზნესისა და ტელევიზიის დახურვით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, საბოლოოდ, უკანონოდ, ბანკიდან 4 მილიონი ქეშად შეიარაღებულმა პირებმა მის თანამშრომლებს წაართვეს. 

გთავაზობთ ოქუაშვილის განცხადებების ქრონოლოგიას, რომელიც ''რუსთავი 2-ის'' ეთერში გააკეთა. 

"25 მილიონის დაბრუნება მე არ მომითხოვია. მე მარტივად, რაც არის მოვალეობა ქვეყნის მომავლისთვის, რომ დანაშაული ან ზარალი აღდგეს, ამას ყოველთვის ვითხოვდი უკვე ბევრი წელია. ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი კანონიერი მოთხოვნა მქონდა ".

"ამბავი იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით, რომ დახმარებოდა ფირმას და ჰქონოდა "ომეგა ჯგუფს" ნორმალური კონსულტაციები, როგორც ყოფილი მინისტრისგან. განსაკუთრებით  ცდილობდა მოეხდინა კონსულტაცია ტელევიზიის ირგვლივ, ამით იყო მოსული, როგორც შემდეგ მივხვდი, გამოგზავნილი".

"ეს ხდებოდა 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში, დაახლოებით. ყიფიანის შუამავლობით შევხვდით ბიძინას (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი), საკმაოდ პატივისცემით. ვუთხარი პრობლემების შესახებ, გულახდილად მოვუყევი დემპინგზე. ამ შეხვედრაზე იჯდა გახარია (გიორგი გახარია მოქმედი შინაგა საქმეთა მინისტრი), ბიზნესომბუდსმენი და ყურადღებით მისმენდა. მისგანაც იცოდა ამ გაჭირვებაზე ბიძინამ. მათ ჩათვალეს, რომ ეს გაჭირვება გამოეყენებინა არა დახმარების მხრივ, არამედ უფრო მეტად, რომ გაეჭირვებინათ ფირმისთვის. აეღოთ კონტროლი ფირმაზე და ფირმიდან გამომდინარე ტელევიზიაზე, რომელსაც ფირმა აფინანსებდა".

"მიმართვა მქონდა, როგორც დემპინგზე, აგრეთვე, სამართლიანობის აღდგენაზე".

"ნახა სად იყო ფირმაში ("ომეგა ჯგუფის") სუსტი წერტილები (ბიძინა ივანიშვილმა) და ბოლომდე იმოქმედა. დემპინგი აკონტროლა მხოლოდ ჩვენ საზიანოდ. დამპირდა, რომ იმ ზარალს გაითვალისწინებდა, რაც ჰქონდა „ომეგას“, ტელევიზიის ჩათვლით და იფიქრა, რომ ეს ორი ამომავალი წერტილი - ზარალი და სამართილანობის აღდგენა". 

"ამის შემდეგ მხვდება ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი. მხვდება საკუთარ სახლში, საბურთალოს ბაზართან. ინგლისში შემხვდა ვანო ჩხარტიშვილი და მთხოვა, შევხვედროდი ვიღაცა კარგ ბიჭს, რომელიც მუშაობდა პროკურატურაში. კბილებამდე შეიარაღებული ხალხი დამხვდა. კარგ ხასიათზე, პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე. ყიფიანთან ერთად მივედი. ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი, მეუბნებოდა, რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა ოცნებაში, ოცნების ცისარტყელა და ამით შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. ამ ცისარტყელის გახსნისთვის კი საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი, რადგან გადაწყვეტილი იყო პირველი ნაბიჯი, რომ გაეცათ ზარალი, რომელიც იყო 2004 წლიდან 2005 წლამდე მომაყენეს". 

"ვუთხარი, რომ არ მესმის ეს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრი უარი მეთქვას. ვუთხარი, რომ თვითონ ბიძინასთან ვსაუბრობ საკითხებზე, შეიძლება, საქმის კურსში არ არის და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. აბა მე საიდან მოვდივარო? მე შენთან მოვიდოდი თვითონო? ეს არის ბიძინაო, ეს არის უჩაო (იგულისხმება უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის ნათესავი), ისინი ჩემს ზევით დგანანო"... "ამის შემდეგ დაიწყო ლევან ყიფიანმა ჩემი დირექტორების დაშინება, ტელევიზიის დაშინება, რეკვა, ზარები, რომ მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშვიდობაა თქვენთანო, ხომ კარგად ხართო, წამოვიდნენ, მოვიდნენ და ა.შ.. შეტევას აწარმოებდნენ. ამ დაშინების მიზანი იყო, რომ 4 მილიონი სასწრაფოდ მიმეტანა და გამეგო, რომ  იყო შეიარაღებული კრიმინალური ძალა, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან. მე ვუთხარი ყიფიანს, რომ მოეწესრიგებინა ეს სისულელე. ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან. ვუთხარი, რომ წასულიყო ივანიშვილთან, იმიტომ, რომ პირდაპირი მისამართი იყო ივანიშვილი. რატომღაც, ეტყობა, ახლობლობის გამო, წავიდა კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილის შემდეგ დაბრუნდა ოთართან, ფარცხალაძემ კი დასაჯა ლევანი არასწორი მისამართისთვის და ზედმეტი სიარულისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. სცადეს შეურაცხყოფა, სცადეს… ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, როცა წავიდა ლევანი, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი, იმ ღამეს, ჩვენ ყველანი განვიცდიდით და მერე იყო სწორედ უფრო მეტი დაშინება იგივე ჩვენი დირექტორებისა, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო".

"ვერ შეძლეს ჩემი დაშინება, რომ 4 მილიონი მიმეტანა და... ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ თვითონ ეთქვა ეს. თავიდან მაჩვენებდა ოთხ თითს. ვიფიქრე, რომ ალბათ გამოთქმა არ უნდოდა. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ და წვალობენ.

''შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია, ლევანი ყიფიანი და მე";

''ავიღე ეს თანხა (4 მილიონი) და გადავრიცხე ანგარიშზე, ერთი დღის გახსნილ ფირმაში, ხოლო დირექტორად სასწრაფოდ დავნიშნე ჩემი ორი თანამშრომელი. ფირმა გაიხსნა ოფშორულ ზონაში და გახსნიდან 24 საათის განმავლობაში, 4 მილიონი დაისვა მის ანგარიშზე. ​''თი ბი სი'' ბანკიდან 4 მილიონი გავიდა ქეშად, ყველა წესის და პროცედურის დარღვევით, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. ზეწოლა იყო (გიორგი) გახარიასგან, რეკავდნენ ის და ფარცხალაძე, რომ ფული აუცილებლად გაცემულიყო. დაიბარეს (ბანკის) დირექტორები, წარმოიდგინეთ რა ზეწოლის ქვეშ იყო ხაზარაძე და ბუცხრიკიძე.6 საათამდე ბანკმა ვერ შეძლო თანხის გათავისუფლება. ვფიქრობდით, რომ ბანკი დაიკეტებოდა, ისინი კი ვერ გაიტანდნენ და მერე რამეს მოვიფიქრებდით. მაგრამ ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან, იურიდიული განყოფილება უკვე დაკეტილია, ჩვენდა გასაკვირად 8 საათზე თანხა გამოაქვთ.  წესით ''თი ბი სი'-ის უნდა დაებლოკა ამ თანხის გაცემა.  

​ჩემი დანიშნული დირექტორები, სანამ ბანკი დაიკეტებოდა იყვნენ ბედნიერები, რომ თანხა ვერ გაიტანეს, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ანგარიში არ იყო გააქტიურებული და თანხა მიიღეს ხელზე, მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ იყო და ეს თანხა უნდა წაეღოთ ფირმაში (ბიზნესმენის ფირმა იგულისხმება). ბანკის კარი დაკეტილი იყო და რომ გააღეს ჩემს თანამშრომლებს დახვდა შეიარაღებული ხალხი. თანხის სადმე წაღება, რომ ეცადათ მათგან დარჩებოდა სველი წერტილი. ფული წაართვეს, უთხრეს, რომ ამ ჩანთას ჩადებდნენ წინა მანქანაში, სადაც იდო კალაშნიკოვი. ჩემს ხალხს უთხრეს, რომ არ ჰქონდა უფლება ამ კაცისთვის სახეზე შეეხედა. მაინც გადაიღეს მანქანა და ადამიანიც, სხვამ გადაიღო ხელის კანკალით. 4 მილიონი მე არ წამართვეს, წაართვეს ბანკს. ბანკს არანაირი პროცედურული უფლება არ ჰქონდა გაეცა ეს თანხა ... ვუსამძიმრებ ყველა პოლიციელს, რომ ყავს ყაჩაღი, ბანკის დამყაჩაღებელი მინისტრი''.

 

ამავე კატეგორიაში