ბავშვები, რომლებიც ტანსაცმლის ფულს მძიმე შრომით გამოიმუშავებენ 

05 სექტემბერი 2018, 00:00 3442 ნახვა

9 წლის კახა და 13 წლის ზურა (პირობითი სახელები) ძმები არიან. ისინი ბათუმის სანაპიროზე ყოველ დღე პლაჟზე სიმინდს ყიდიან. სეზონი თითქმის მიიწურა, უკვე სწავლა იწყება, ბავშვები კი ამბობენ, რომ სკოლაში ახალი ტანსაცმლით წავლენ, რომელსაც გამომუშავებული ფულით შეიძენენ. 

ისინი დღის დიდ ნაწილს სანაპიროზე ატარებენ, სიცხეში საკმაოდ მძიმე ტვირთის ტარება უწევთ. 

არასრულწლოვნები სალიბაურის სკოლა ინტერნატში სწავლობენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იწყებენ. მათი ოჯახი სოციალურ დაუცველის სტატუსს ატარებს. ბავშვები ხშირად მშობლებთან ერთად ან მათი თანხმობით მუშაობენ.

 სეზონურ სამუშაოებში ზურას და კახას დედა და ბებიაც არიან ჩართულები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ბავშვთა ეროვნული კვლევა ჩაატარა. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოში მცხოვრები 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვიდან, 5.8% გამოკვლევის მომენტის წინა ერთ კვირაში, ეკონომიკური საქმიანობით იყო დაკავებული.  4.2%  ჩართული  იყო  ბავშვთა შრომაში, 2.7% კი  სახიფათო  შრომაში.  

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვების უმრავლესობა დასაქმების მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახის შემოსავლის გაზრდას ასახელებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ არასრულწლოვნათა დასაქმების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის სეზონზეა. იმატებს საზღვრისპირა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდან  ბავშვთა  მიგრაციის  და  მძიმე  შრომის შემთხვევებს თურქეთშიც. 

თურქულ მხარესთან საკითხის დასარეგულირებლად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მეზობელი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მზად არის. 

ყოველწლიურად, ათობით ბავშვი, დასაქმების მოტივით განათლების მიღებასაც წყვეტს. სასწავლო დაწესებულებიდან წასვლის მიზეზი სხვადასხვაა. მოზარდები სკოლებს ძირითადად შრომის გამო ტოვებენ. ნაწილი სეზონურად მუშაობს, ნაწილი კი ანაზღაურების მისაღებად  საზღვარგარეთ მიდის.

ფიქსირდება გაკვეთილების სისტემატურად გაცდენის შემთხვევები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც არასრულწლოვნები სეზონური სამუშაოების შესრულების პერიოდში სკოლაში ვერ მიდიან.  

2017 წელს შრომის გამო, 106 ბავშვს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო სრული ზოგადი განათლების მიღებამდე - 139 ბავშვს.

''სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის გამო, ბავშვები ასაკთან და ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, სახელმწიფომ კი ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგა''. (სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში).

2016 წელს  იძულებითი  შრომისა  და  შრომითი  ექსპლუატაციის  პრევენციისა  და  მათზე  რეაგირების  მიზნით,  სახელწიფო  ზედამხედველობის განხორციელების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვით, იძულებითი შრომისა დაშრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და შემდგომი რეაგირებს მიმიზნით ზედამხედველობა  დაეკისრა  შრომის  პირობების  ინსპექტირების  დეპარტამენტს,  რომელიც  ახორციელებს გეგმიურ და არაგეგმიურ ზედამხედველობას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი