“ბათუმის ურბანული განვითარების ხელშემწყობი პროექტი”

20 ივლისი 2018, 00:00 2873 ნახვა

საზოგადოება ''ბათომი”, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით, ,,ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობის პროექტს იწყებს. უნდა შემუშავდეს მდგრადი ურბანული პოლიტიკა. 

"ბათუმის ურბანული განვითარება უკვე წლებია ქაოტურად მიმდინარეობს. პრაქტიკულად, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის განაშენიანება ყოველგვარი რეგულაციების, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკისა და სტანდარტების უგულებელყოფით მიმდინარეობს.

ურბანული პოლიტიკა, სრულად მორგებულია მხოლოდ მენაშენეთა ინტერესებზე, რამაც ბათუმი ურბანული კატასტროფის წინაშე დააყენა. ქალაქს ბევრი მიმართულებით შეექმნა პრობლემები (პარკინგი, გამწვანება, ვენტილაცია, უსაფრთხობა და ა.შ.) თუმცა ყველაზე მეტად ქალაქში კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის ისტორიული შენობები დაზიანდა. პრაქტიკულად განადგურდა ისტორიული ბათუმური ბელეტაჟები. ქალაქის ისტორიულ უბანში აიგო შეუსაბამოდ მაღალი და მასშტაბური შენობები, რამაც სრულად დაარღვია ბათუმის ისტორიული უბნების ურბანული ქსოვილი, მისი დინამიკა.

მეორეს მხრივ, ფიზიკურად გაანადგურა რიგი კულტურული თუ ისტორიული შენობები. მიუხედავად არსებული მძიმე შედეგებისა, ქალაქში მშენებლობის ნებართვების გაცემა კულტურული თუ ისტორიული კონტექსტის გაანალიზებისა და გათვალისწინების გარეშე გრძელდება, რადგან არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა. აუცილებელია ქალაქის ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჭრილში განხორციელდეს და შეიქმნას ერთიანი პოლიტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებს შესაბამისი უწყებები. საზოგადოება „ბათომი“, რომელიც წლებია, მოქალაქეებისა და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს, იწყებს „ქალაქის ურბანული განვითარების ხელშემწყობი პროექტის“ განხორციელებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით, 14 თვეში, ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ერთიანი და მდგრადი ურბანული პოლიტიკა შემუშავდება" - წერია ბათომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში