ცემით მოკლული ბავშვის საქმეზე, ძიძა კიდევ ერთი ადამიანის დასჯას ითხოვს

17 ივლისი 2018, 00:00 5512 ნახვა

მაია ღოღობერიძე, რომელიც 14 ივნისს,  ცემით  მოკლული ბავშვის აღმზრდელი იყო, 4 წლის მოზარდის მკვლელობაში კიდევ ერთი ადამიანის დასჯას ითხოვს.

ამტკიცებს, რომ მკვლელთან ერთად იმ სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, კიდევ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც ამ დრომდე დაუსჯელია და მის წინააღმდეგ პოლიციას მოკვლევა არ დაუწყია. 

მაია ღოღობერიძე აჭარის მაუწყებელს უყვება, რომ ბავშვი მასთან 3 თვიდან იზრდებოდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა კი, 24 საათის განმავლობაში,  მათთან იყო.

"მე დედას მეძახდა, ჩემს მეუღლეს მამას. ჩემს შვილებთან ერთად იზრდებოდა, აქ აიდგა ფეხი და ენა. მოკვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, დედა თურქეთში გადავიდა და იქ დააკავეს. ამის შემდეგ, ბავშვი ჩემთან იყო, თუმცა ერთ დღეს, მახსოვს, 8 მარტი იყო, დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი მეგობარი წაიყვანს დიანას, გოგოები საქეიფოდ მიდიანო. მეც ბავშვი გამოვაწყვე და გავუშვი, ტანისამოსიც თან გავაყოლე, რადგან პირველად არ მიჰყავდა მის მეგობარს. პერიოდულად, რამდენიმე დღის განმავლობაში წაიყვანდა და მალევე აბრუნებდა სახლში. ბავშვის დედამ მითხრა, რომ რამდენიმე დღეში დიანას უკან მოიყვანდნენ.

გავიდა 2 კვირა, დავრეკე იმ ქალთან, რომელმაც ბავშვი წაიყვანა. მითხრა დიანა კარგად იყო, ფოტოს კი ვერ მაჩვენებდა, რადგან სახლში არ იმყოფებოდა.  გავიდა კიდევ სამი დღე, თუმცა ჩემს ზარებს უკვე ეს ქალი აღარ პასუხობდა. მოგვიანებით დამბლოკა, ვეღარც ვრეკავდი, ვეღარც ვწერდი. დედას ვურეკავდი და მეუბნებოდა, რომ ბავშვი კარგად იყო მის მეგობართან, მალე ჩამოვიდოდა და გოგონას თავად მომიყვანდა. დიანა არ მოიყვანეს, მე კი მათ ვერ ვუკავშირდებოდი, მისამართიც შეცვლილი ქონდათ. მოგვიანებით, მედიასაშუალებით გავიგე, რომ მოკლულია 4 წლის ბავშვი, რომელიც არ იყო საქართველოს მოქალაქე და ეგრევე ვიეჭვე" -  ყვება მაია ღოღობერიძე. 

ბავშვის ძიძა ამბობს, რომ მალევე გაიგო, ბავშვის მკვლელობა აღიარა ქალმა, რომელსაც არ იცნობდა. 

"მკვლელობა აღიარა იმ ქალმა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ბავშვთან და იმ ადამიანთან, რომელსაც დედის თხოვნით ბავშვი ჩავაბარე. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ბავშვი წაიყვანა, მკვლელობის თანამონაწილეა.  აბა, რატომ დამბლოკა? როცა ვთხოვდი ბავშვი ეჩვენებინა, რატომ არ მპასუხობდა? ამის შესახებ გამომძიებელსაც ვუამბე, თუმცა მითხრეს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის.

ვითხოვ დაიწყოს მოკვლევა. ბავშვი მკვლელობასთან ერთად, სასტიკად იყო ნაცემი და ეს არ იყო ერთი დღის დაზიანებები, არამედ ძველი ძალადობის კვალიც ეტყობოდა. ეს თავად გამომძიებელმაც ივარაუდა ჩემთან საუბარში. ამასთან, მკვლელობის დღეს, ეს ქალიც იმყოფებოდა სახლში, ის არ უნდა დადიოდეს ახლა თავისუფლად და ლაღად ქალაქში, არავის შევარჩენ ბავშვის სიკვდილს, რომელიც შვილივით მიყვარდა" - ამბობს ბავშვის აღმზრდელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიებას სხვა პირზე ეჭვი არ ჰქონია. 

მოკლული 4 წლის გოგონას ძიძა და აღმზრდელის ნათესავები, ხვალ ბათუმის მერიასთან, 12 საათზე აქციას აანონსებენ. ამბობენ, რომ ისინი ხმამაღლა მოსთხოვენ სამართალდამცველებს გოგონას მკვლელობაში ყველა დამნაშავის გამოვლენას და დასჯას. 

14 ივნისს, ბათუმის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებასთან მოკლული ბავშვის ცხედარი, სავარაუდო მკვლელმა თავად მიიყვანა და პოლიციას ჩაბარდა. 

გაირკვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე 4 წლის ბავშვი, ცივი იარაღით იყო მოკლული. სავარაუდო მკვლელი დაკავებულია და საქმეს ამ დრომდე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოსაა ჩანიშნული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულ ქალს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ბრალდებული მკვლელობის ჩადენის ფაქტს აღიარებს. 

ამავე კატეგორიაში