მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია

15 ივლისი 2018, 00:00 2096 ნახვა

101-ით 12-ის წინააღმდეგ, საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. კენჭისყრა პარლამენტში გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამთავრობო გუნდს უნდობლობა ოპოზიციამ გამოუცხადა, საპარლამენტო უმცირესობაში დაანონსებული რეფორმებს ფარსი უწოდეს. მთავრობის მეთაური კი პოზიტიურ ცვლილებებს აანონსებს. მამუკა ბახტაძის თქმით მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება მოქალაქეებისადმი და აქტიურად ითანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოსთან. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ   სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული მიზნები წარმატებით განხორციელდება. “თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობა” განახლებული მთავრობის სამოქმედო პროგრამით ქვეყანას 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი ჰყავს.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

მინისტრთა კაბინეტში დარჩნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში