სახლში ავადმყოფი მყავს, ისეთი ცუდი გზაა სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ამოდის - /მოქალაქის წერილი/

11 ივლისი 2018, 00:00 2967 ნახვა

''გამარჯობათ, მე გახლავართ თინათინ ვარშანიძე, მცხოვრები ქ. ბათუმში, დიდგორის ქ. 63-ში . პრობლემა გვაქვს და იქნებ დაგვეხმაროთ. გთხოვთ მობრძანდეთ და თქვენ თვითონ ნახოთ, 21 -ე საუკუნეში, რა პირობებში გვიწევს გადაადგილება ე.წ "გზით" - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილი ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოუგზავნა. 

თინათინი გვიყვება, რომ სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა უკვე წლებია დაზიანებულია, გადაადგილება რთულია, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილით. წვიმის დროს გზაზე წყალი მოედინება, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგებული არ არის. 

დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ საცხოვრებელ  გზის ერთი ნაწილი, წლების წინ თავად მოაწესრიგეს. ბეტონის საფარი მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით დააგო, თუმცა ის მალევე დაზიანდა.

''ტექნიკა მოვიყვანეთ, გზა გავასწორებინეთ, ბეტონი დააგეს, თანხა ჩვენ თვითონ გადავიხადეთ, მაგრამ მაინც გაფუჭდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოცვლილი არ არის. რომ გაწვიმდება გზაზე მდინარე მოედინება, ტალახდება და სახლამდე ფიზიკურად ვეღარ მიხვალ. კანალიზაცია საერთოდ არ გაკეთებულა. ერთადერთი რაც ორი წლის წინ მოაწესრიგეს გარე განათებები იყო. ის გზაზე დაამონტაჟეს''.

თინათინი ყვება, რომ სახლში ავადმყოფი ჰყავს, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება ხშირად უწევს. ყოფილა შემთხვევები, როცა ექიმები ცენტრიდან საკუთარი მანქანით აუყვანია. 

'' დიდგორის ქუჩაზე, ჩვენს კერძო საცხოვრებელ სახლებამდე რომ მოხვიდეთ, ძალიან მაღალ, დაკიდული აღმართია. სახლში ინსულტიანი ავადმყოფი მყავს და ხშირად მჭირდება სასწრაფო დახმარების გამოძახება. ადამიანს, რამე რომ დაემართოს ექიმები ვერ ამოვლენ, გზა ისეთ მდგომარეობაშია. რამდენჯერ ცუდ ამინდში თვითონ ჩავსულვართ და ჩვენი მანქანით ამოგვიყვანია ბრიგადა, ასე ხომ არ შეიძლება? მეორე ალტერნატიული გზაც არის ზედაღელის ქუჩიდან. ​ შედარებით ადვილი მისასვლელია, მაგრამ შორია. მაქ, რომ დააგონ ასფალტი სხვა არაფერი გვინდა. ორი წლის წინაც მოვიდნენ, აზომვით ნახაზებს აკეთებდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი მოუწესრიგებიათ'' - ამბობს დიდგორის ქუჩის მცხოვრები. 

თინათინის თქმით, კარგ ამინდში დიდგორის ქუჩაზე ფეხით ასვლა ურჩევნია, სხვა დროს კი სახლში  შემოვლითი გზით, ზედაღელის ქუჩის მეორე შესახვევიდან დადის. 

ზედაღელის ქუჩის ერთი მონაკვეთი უკვე მოწესრიგებულია. გზაზე ასფალტის საფარი დააგეს.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზების მოსაწესრიგებლად ტენდერი 20 ივნისს გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია დღეს გახდება ცნობილი.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამმართველოში ირწმუნებიან, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობას მოწესრიგებული გზა ექნებათ. პროექტის მიხედვით აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ. უწყებაში ამ ეტაპზე, სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი