კანცელარიის წინ მსჯელობენ, ვინ შევა პრემიერთან

04 ივნისი 2018, 00:00 1703 ნახვა

ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სახალხო დამცველი, ადვოკატები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შევა პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე. 

მანამდე კი ნინო ლომჯარია ზაზა სარალიძეს ესაუბრა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მას სურვილი აქვს შეხვედრას სამივე შვილმკვდარი ოჯახის წარმომადგენელი დაესწროს.  

''მე მხარს ვუჭერ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შვილმკვდარი მამები ადვოკატებთან ერთად. მეც იქ ვიქნები, რომ სამი ოჯახის წევრმა უთხრან თავისი სათქმელი ხელისუფლებას. მაქსიმალურად შევეცადე დავხმარებოდი გადაწყვეტილების მიღებაში. ახლა მარტო ისინი არიან დარჩენილები. მე მათ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, არანაირი ბერკეტი არ მაქვს მათ გადაწყვეტილება შევაცვლევინო'' - ამბობს ომბუდსმენი. 

კანცელარიასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა ზაზა სარალიძე.

 "რას ნიშნავს მარტო პოლიტიკოსები? ულტიმატუმებს მიყენებენ აქეთ? მარტო არ შევალ, შევალთ ჩვენ, მოქალაქეები, შვილმკვდარი ადამიანები. მე დავთანხმდი, რომ ღია შეხვედრაზე შევხდებოდი" - განაცხადა სალარიძემ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავაც, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაურეკა ზაზა სარალიძემ და სთხოვა მისულიყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილმკვდარ მშობლებთან ერთად.

დღეს დილით გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერი მზად იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, მოკლული მოზარდების მშობლებს შეხვედროდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია შევა თუ არა ზაზა სარალიძე შეხვედრაზე.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში