ბულვარის დირექტორი: 136 წლის ბულვარში რესტორნების ადგილი არაა, ეს კომპლექსი საუკუნის სამარცხვინო პროექტი იქნება

29 მაისი 2018, 00:00 14397 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ეთერ მაჭუტაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, მიწისა და შენობის იჯარით გაცემა რესტორნისთვის ან კაფე-ბარისთვის სამარცხვინოა. მაჭუტაძე ამბობს, რომ შეეწინააღმდეგება პროექტის განხორციელებას თანამდებობის ფასად რომ დაუჯდეს. 

მაჭუტაძე ამბობს, რომ 136 წლის ბულვარში, რომელიც რეკრეაციული ზონა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რესტორნები არ უნდა იყოს, არც ძველი და არც ახალი. 

"წელიწადია და ხუთი თვეა მუშაობ ბულვარის დირექტორად, მაქსიმალურად ვცდილობ ბულვარი იყოს უკეთესი და უკეთესი. ახლა გავიგე ამ პროექტის შესახებ და შოკირებული ვარ, მანამდე მერიას ეს საკითხი ბულვარის ადამინისტრაციასთან არ შეუთანხმებია, მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ დამახინჯდეს 136 წლის ისტორიული ბაღი და კულტურული მემკვიდრეობა. სკამი ჩემთვის ნულის ფასია, მე აქ ჩემს სულს და გულს ვდებ''- აცხადებს მაჭუტაძე. 

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რეკრეაციულ სივრცეში არ შეიძლება მოეწყოს გასართობი ადგილები და რესტორნები, რადგან მისი დანიშნულება არის უნიკალური გამწვანების, გარემოს, დასასვენებელი სივრცის შექმნა, რასაც ახერხებს ეს ისტორიული ძეგლი. 

 "ბულვარი წელს 136 წელი შეუსრულდა, გარდა ისტორიული ძეგლისა, ეს არის რეკრეაციული ზონა, უნიკალური პარკი და აქ ხაშლამას და რესტორნის ადგილი  არ არის. რაც  რესტორნებიც არის ჩადგმული, ესენიც არ უნდა იყოს. მე ბულვარის ​განვითარებაში სულ და გულს ვდებ, რომ ადგილობრივებისთვის და ჩამოსულებისთვის იყოს კომფორტული, გამწვანებული, რეკრეაციული გარემო. უნიკალური ჯიშებით გამრავალფეროვნდეს ჩვენი პარკი,  აჭარული კერძების საჭმელად აქ არ უნდა მოდიოდეს ადამიანი, ნერგები და გამწვანების კუთხით უნდა ნახონ უნიკალური გარემო, მე ასეთი წარმომიდგენია ჩვენი უძველესი ბულვარი და არა გართობისა და რესტორნებისთვის სივრცე" - ამბობს აჭარის მაუწყებელთან ეთერ მაჭუტაძე. 

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც ბულვარში 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 89 კვადრატული მეტრი ყოფილი ფოტოატელიეს შენობა, მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად გადასცე მოქალაქეს მრავალწლიანი იჯარით. წლიურად კი მას მუნიციპალიტეტისთვის 7000 ლარის გადახდა მოუწევს. 

"სამარცხვინოა, თუ გადასცეს ეს მიწა. საუკუნის სამარცხვინო პროექტი იქნება თუ ეს გაკეთდა, მე ამას ვსაუბრობ როგორც ბულვარის დირექტორი და როგორც რიგითი მოქალაქე, ბათუმელი. ჩემთვის ეს სკამი არაფერს წარმოადგენს, აქ იმიტომ ვარ, რომ ბულვარის გაუმჯობესებისთვის გამოვიყენო ეს პოზიცია. ალბათ, ეთერი მაჭუტაძე არ იქნება ნორმალური, თუ ეს გაკეთდა. თუ ისევ დირექტორი ვიქნები, მაქსიმალურად შევეწინააღმდეგები ამ პროცესს, ეს სკამი ჩემთვის ნულის ტოლია. მიუღებელია კერძებზე ლაპარაკი და  გასართობ სივრცეების მოწყობა.  აქ მუზეუმის გაკეთებაზე იყო საუბარი, რომელიც დაამშვენებდა სივრცეს" - ამბობს მაჭუტაძე. 

ფოტო: მაკეტი ბულვარის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა, სადაც ატელიეს შენობის რეკონსტრუქცია და ბულვარის 136 წლის ისტორიის მუზეუმი უნდა განთავსებულიყო.

დღეს ბათუმის მერიამ, საკრებულოს მხარდაჭერით მოქალაქეს, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ბამბუკების ხეივნის წინ, მიწის ნაკვეთი და შენობა მრავალწლიანი იჯარით გადასცა. მერიის განმარტებით ბარათში წერია, რომ  "მერიას 2018 წლის 16 აპრილს წერილით მიმართა ვასილ ოსეფაიშვილმა რომელიც, ბულვარში  ისეთი სივრცის შექმნას გეგმავს, რომელიც ისარგებლებს დიდი პოლულარობით და გახდება საინტერესო ადგილი ტურისტებისათვის. კონცეფციის მიხედვით, ბათუმის ბულვარში მოეწყობა ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ლოკაცია. არსებულ ტერიტორიაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული როგორც შენობა-ნაგებობა, ისე სხვადასხვა მცენარეებითა და დეკორაციებით მორთული ეზო. იგი გათვლილია ყველა სეგმენტის დამსვენებელსა თუ ადგილობრივ მოსახლეზე. პროექტის განხორციელებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება". 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში