პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

21 მაისი 2018, 00:00 1762 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვეს მიტჩელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს პერსპექტივას ნატოს ბრიუსელის მომავალ სამიტზე. ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ და სამიტზე, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას.

გიორგი კვირიკაშვილმა შეერთებულ შტატებში პირველი შეხვედრა  სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის გახსნამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. 

ამავე კატეგორიაში