იპოთეკით დაზარალებულებს გზის გადაკეტვის ნება არ მისცეს

11 ივლისი 2016, 00:00 4432 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულთა პროტესტის მეშვიდე დღე და განახლებული საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის წინ. აქციის მონაწილეებმა რეგიონის ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალება მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, აქციის ხელმძღვანელის, დავით ბერიძის განმარტებით იპოთეკით დაზარალებულებს სამართალდამცავებმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, პირადად მას კი როგორც ამბობს დაპატიმრებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით, სიმბოლურად პლაკატებითა და შეძახილებით რუსთაველის ქუჩა გადაკვეთეს და საკუთარი პროტესტი ამჯერად მხოლოდ ამ ფორმით გამოხატეს. აქციის მსვლელობას ადგილზე აკვირდებოდნენ აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში