გენინსპექცია ბათუმელი პოლიციელის შესაძლო გადაცდომის ფაქტს მოიკვლევს

11 მაისი 2018, 00:00 2485 ნახვა

პატიმრობაში  მყოფი რომან დუმბაძე, რომელიც პოლიციამ 28 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში სხვა მოქალაქეების ცემის ფაქტზე დააკავა,  ამტკიცებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

თავად რომან დუმბაძეს მოქალაქეების ცემის ფაქტი დაუდასტურდა და ციხეში ზის. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცმომას, საკითხს დაკავებულის ახლობლის შეტყობინების საფუძველზე გენერალური ინსპექცია სწავლობს.

განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

‘’მოთხოვნის  საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულის მიმართ შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. თავის მხრივ, დაკავებულმა ანალოგიური განცხადებით აჭარის პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს’’ - წერია დოკუმენტში.

უწყების განმარტებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან დუმბაძე, ველოსიპედით  ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს შეეჯახა, რის შემდეგაც მათ  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მობილური ტელეფონი, ჩიბუხი და სათვალე დაუზიანა.

მომხდარ ფაქტს შემოვლაზე მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ,  დუმბაძემ ''112''-ში დარეკა და განაცხადა, რომ თურქებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დაკავებულს  დაზიანებები აღენიშნებოდა. დუმბაძემ მაშინ განაცხადა, რომ ,დაზიანებები ქუჩაში ჩხუბის დროს მიიღო და სამართალდამცველთა მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. 

ამავე კატეგორიაში