ნარკოტიკების ინტერნეტრეალიზატორები დააკავეს

08 მაისი 2018, 00:00 2364 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. დაკავებულია ორი რეალიზატორი.  1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. ისინი თბილისში აიყვანეს.

ინტერნეტით შეძენილი ნარკოტიკების სამალავები კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.

 პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.

‘’ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. დაადგინდა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი’’ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პოლიციამ, ქალის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებში 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი იპოვეს. 

ამავე კატეგორიაში