პატიმრებზე არადამიანური მოპყრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

13 აპრილი 2018, 00:00 2830 ნახვა

პროკურატურამ 2012 წლამდე, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი დააკავა.
გამოძიება, 2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო.

"საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ 2012 წლამდე პერიოდში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი.

"კერძოდ, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილებისთვის.

დასახელებულ პირთა ორგანიზებით სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

მსჯავრდადებულებს ართმევდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას ქ.რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით" - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 20 ნოემბერს, ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ციხის სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. სამივე პირმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყებამ მიმართა სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 27 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2012 წლამდე პერიოდში. 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ.

ამავე კატეგორიაში