"მოკითხვა მუხრან ვახტანგაძისგან" - ჯელალ ქიქავა ამტკიცებს, რომ პარლამენტის წევრის დავალებით ცემეს

24 მარტი 2018, 00:00 4305 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი ჯელალ ქიქავა, პარლამენტის წევრს, მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.  ქიქავას განცხადებით, გუშინ, 23 მარტს, გვიან ღამით, რამდენიმე სპორტსმენი დაესხა თავს მას და მის მეგობრებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"წავიქეცი და დამიწყეს ცემა, ერთი ახალგაზრდა დაიხარა და მოკითხვა შენ ვახტანგაძისგანო, მეორემ წადი ახლა ძაღლებთან გვიჩივლე, ფეხები ვერ მოგვჭამონო.​ ამ ადამიანებს ჰყავთ მფარველი, მე ერთხელ ვამბობ და ადრეც განვაცხადე, რომ მუხრან ვახტანგაძე არის ზონდერი. 

თავდამსხმელებმა არც კი დამალეს, რომ იყვნენ მუხრან ვახტანგაძის გამოგზავნილები. თქვეს, რომ იყვნენ მოჭიდავეები. ჩემმა ერთმა მეგობარმა ფეხი მოიტეხა, მეორე გალახულია, ამას არ შევარჩენ არავის. მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, როდის უნდა დაამთავრონ პარლამენტში ასეთი არაკაცების მიღება. მუხრან ვახტანგაძე არის ზონდერი'' - ამბობს ჯელალ ქიქავა. 

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძესა და ჯელალ ქიქავას დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაიწყო. ინციდენტი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ქიქავას განცხადებას მოჰყვა, სადაც დეპუტატს ზონდერი უწოდა.

განცხადებიდან, მალევე ქიქავამ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დეპუტატი მასთან იბარებდა. ქიქავა ამბობდა, რომ მაშინ ვახტანგაძე საქმეს ურჩევდა.  თავის მხრივ, ქიქავა  "ფეხების დაცხრილვით" დაემუქრა. 

ამ ინციდენტზე ვახტანგაძე მედიასთან კი აცხადებდა, რომ „მუქარა არ ყოფილა" და უბრალოდ საქმის გასარკვევად დარეკა და სთხოვა ლეიბორისტული პარტიის წევრს შეხვედრა.

​ჯელალ ქიქავა მიმართავს ხელისუფლებას დროულად მოახდინონ რეაგირება და დაისაჯოს დამნაშავე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დეპუტატს დაუკავშირდა. მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში