შესაძლო სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი თანამდებობიდან გადადგა

23 მარტი 2018, 00:00 1960 ნახვა

‘’სიდას გამგეობა სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროებასა და ძალადობას გმობს და შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია’’ - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტო, ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსს ჩაატარებს. პროცესში გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

‘’გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს.  არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდას სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით ჩატარდება ღია კონკურსი,’’ - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის საკითხი განიხილეს. ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. მოვალეობას დროებით კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს.

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, ზვიად დევდარიანი 16 მარტს წარადგინა. მეორე დღეს კი, ქალთა მოძრაობა განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა. ორგანიზაციის წევრებმა, დევდარიანი ქალთა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.  

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოგვიანებით განმარტა, რომ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტების შესახებ, მათთვის ცნობილი კანდიდატის დასახელების შემდეგ გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი 16 თებერვალს გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში