ბათუმის ცენტრალური პარკის ''კომერციალიზაციის'' პროექტი მუშავდება

06 აპრილი 2018, 00:00 3186 ნახვა

ბათუმის მერთან ინტერვიუ ჩაწერილია 15 მარტს.

ბათუმის მერიაში, ცენტრალური პარკის ''კომერციალიზაციის'' პროექტი მუშავდება. ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პარკის შემოსავლები უნდა გაიზარდოს და ტურისტებისა და  ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს. 

"ჩვენი იდეა-ფიქსი არაა კაფეების გაკეთება, ჩვენი იდეაა ხალხის მოზიდვა პარკში" - ამბობს ქალაქის მერი. 

რატომ გახდა აუცილებელი პარკის ფუნქციის შეცვლა და მისი კომერციული ინტერესებით დატვირთვა? ამ კითხვაზე მერმა განაცხადა, რომ სხვა ინტერესებთან ერთად მერს აქვს ვალდებულება ქალაქის შემოსავლების გაზრდით კუთხით პრაგმატულად იაზროვნოს. 

"გარდა იმისა, რომ უნდა ვიფიქრო ქალაქის ინტერესებზე, ვალდებული ვარ ციფრებში გადავიყვანო ყველაფერი, დღეს ბათუმის პარკში არსებობს ატრაქციონები, რომლის შენახვა მუნიციპალიტეტს 350 ათასი ლარი უჯდება და არ არის შემოსავლიანი. ჩვენ გავიტანეთ ატრაქციონები იჯარით, მას კერძო სექტორი ჩაიბარებს და 350 ათასი დახარჯვის ნაცვლად, პარკს, შესაძლოა, მოგებაც ჰქონდეს. 

რაც შეეხება ზოოპარკს,  ჩვენ გვაქვს იდეა, გადავიტანოთ ზოოპარკი სხვაგან შესაბამისი ინფრასტრუქტურით, პარკში კი დაიდგას სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის კაფეებიც. ეს იქნება მსუბუქი, დროებითი კონსტრუქციები. პარკი არ უნდა იყოს მხოლოდ მოხუცების დასვენების ადგილი, მას უნდა ქონდეს დატვირთვა, რომ მეტი ტურისტისთვის და ახალგაზრდისთვის იყოს მიმზიდველი" - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

კომახიძე ამბობს, რომ ზოოკუთხის გატანის მომხრეა მოქალაქეები, რომლებსაც ხმაური და სუნი აწუხებთ ტერიტორიაზე, თუმც მერს ჯერ ადგილობრივების აზრი არ მოუსმენია სჭირდებათ თუ არა პარკში კვებისა და გასართობი ობიექტები.

"რადგან საუბარი პარკს შეეხო, ვიტყვი, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ლაშა კომახიძეს პარკიდან ზოოპარკის გატანა სურს. დიახაც, მერი ზოოპარკის გატანას ცდილობს,  ერთის მხრივ, მოსახლეობა შეწუხებულია სუნით და ხმაურით, მეორეს მხრივ, პრიმატები და ცხოველები აუტანელი პირობებში ცხოვრობენ.  თუმცა მინდა შიშები გავუქრო ყველას, რომ პარკში კორპუსები არ აშენდება. არანაირ მშენებლობაზე არ მიდის საუბარი. უფრო მეტიც, გვაქვს ინიციატივა, ტბას, რომელსაც არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს" - ამბობს ლაშა კომახიძემ. 

მერი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ იდეა ახლა მუშავდება და თუ მოქალაქეები წინააღმდეგნი იქნებიან, მოქალაქეების აზრს გაითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში