რა ჯდება კურორტ ''გოდერძზე'' უქმეების გატარება

29 იანვარი 2018, 00:00 6058 ნახვა

თუ გოდერძზე დასვენებას გადაწყვეტთ, ეს სტატია შესაძლოა, დაგეგმვაში ან გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. 

რა ღირს გოდერძზე ასვლა და ღამის გატარება?

კურორტზე კოტეჯის ტიპის რამდენიმე  სასტუმროა განთავსებული, შენობაში თბილა, ჰოლში დაგხვდებათ ბუხარი, საწოლები და ყველა საჭირო კომფორტი, რაც ღამის გასათევად არის საჭირო. 

2 კაციანი ნომრის ღირებულება 100 ლარია, თუ 4 კაციან ნომერს აიღებთ 150 ლარი დაგიჯდებათ. 

ნომრის ფასში კვება არ შედის, თუმცა საშუალება გაქვთ პროდუქტები ან ნახევარფაბრიკატები თან წაიღოთ და ადგილზე მოამზადოთ. მაცივარი, გაზქურა და ჭურჭელი კოტეჯში დაგხვდებათ. 

კურორტზე დამატებით მოქმედებს რესტორანი, სადაც ძირითადად, აჭარულ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, თუმცა არის სხვა სახის მენიუც. 

გახსნილია სწრაფი კვების ობიექტებიც, სადაც ჰოთ-დოგი და შაურმა შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ბუნებრივია, გაზიანი სასმელებიც დაგხვდებათ, არაჯანსაღი კვების მოყვარულებს. 

როგორ უნდა ავიდეთ კურორტამდე

ბათუმის ავტოსადგურიდან კურორტის მიმართულებით ყოველდღიურად სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, რომლის ღირებულება 10 ლარია. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სამარშრუტო ტაქსი, ცუდი გზის გამო, დანიშნულების ადგილამდე ვერ ადის. ხულოს ცენტრში სპეციალური მაღალი გამავლობის, ავტომანქანები ქირავდება. 

ამ ავტომანქანების მომსახურების ღირებულება 60 ლარიდან იწყება და 120 ლარს აღწევს (გააჩნია მანქანას და კომფორტს. შესაძლოა, თანხა მგზავრების რაოდენობაზე გადანაწილდეს). 

ამ სირთულეების გადალახვის შემდეგ თქვენ კურორტზე ხართ, სადაც მშრალი, მინიმუმ 2 მეტრი თოვლი და ულამაზესი ხედები დაგხვდებათ. 

რა უნდა წავიღოთ თან? 

ადგილზე მხოლოდ ერთი რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტი ფუნქციონირებს.  ამიტომ, თუ ორ დღეზე მეტხანს აპირებთ დარჩენას, გირჩევთ პროდუქტი თან წაიღოთ (თუ თქვენი ბიუჯეტი ამ ტიპის შეზღუდვას არ გიწესებთ). 

ადგილზე მოქმედებს მედპუნქტი, თუმცა თავი დაიზღვიეთ და პირველადი მოხმარების მედიკამენტები თან გაიყოლეთ, კურორტზე აფთიაქი არ ფუნქციონირებს.

sos!!!  გაითვალისწინეთ, რომ კურორტზე მხოლოდ პირველადი მომსახურების გაწევა შეუძლიათ და ტრავმატოლოგიური მომსახურება ვერ ხერხდება,  არც ვერტმფრენი დაუნიშნავთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და რთულია სპეცდანიშნულების სასწრაფო დახმარების ავტომანქანის გამოძახება.  

გოდერძზე არის მცირე ზომის მაღაზიები, თუმცა პროდუქტების არჩევანი შეზღუდულია. თუ რომელიმე პროდუქტი განსაკუთრებულად გიყვართ, არ გარისკოთ და მის გარეშე გოდერძის გზას არ დაადგეთ.

როგორც კურორტის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე მსხვილ ქსელურ კომპანიებთან, რომლებიც მომსახურების სფეროში ოპერირებენ (სააფთიაქო ქსელები, სუპერმარკეტები) მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კურორტზე  ერთდროულად მხოლოდ 100 ადამიანს შეუძლია დასვენება, ეს კი, დიდი ბიზნესკომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესოა. 

სასრიალო ტრასა და მომსახურებები

ამ ნაწილში კურორტი გამართულია. სასრიალო ტრასები მოწესრიგებულია,  მუშაობს შესაბამისი გონდოლები. არის ღია და დახურული, რომელიც საშუალებას იძლევა ულამაზესი ხედებით დატკბეთ. 

ტრასის სიგრძე 8 კილომეტრია. ტრასაზე შეგხვდებათ "მოთხილამურე პატრული", სავალი ნაწილი კი დანომრილია.  

ადგილზე ქირავდება თხილამურებიც, მისი ღირებულება 15 დან- 25 ლარამდე მერყეობს. ქირაობა საათობრივად ხდება. 

თუ სრიალი სწავლა გინდათ ან დამწყები მოთხილამურე ხართ,  მაშინ დიდი ტრასა არ გამოგადგებათ, ცალკე გაკეთდა სპეციალურად მოკლე, 200- მეტრიანი საბავშვო ტრასა, სადაც სრიალი გაცილებით უსაფრთხოა (ამასთან, თუ სრიალი არ იცით, უმჯობესია მცირე ზომის ტრასით ისარგებლოთ, ამით ნაკლებად შეუქმნით საფრთხეს პროფესიონალ მოთხილამურეებს). 

თუ პირველად დგებით თქვენ ან თქვენი შვილი თხილამურზე, ადგილობრივი ინსტრუქტორები, რომლებიც სერთიფიცირებულები არიან (ადგილობრივი კადრები გერმანელმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს) დაგეხმარებათ ისწავლოთ თოვლზე სრიალი. ეს მომსახურება 20 ლარი ღირს. 

ბავშვების თხილამურების 5 ლარიდან იწყება და 15 ლარს აღწევს. 

თუ სრიალი თქვენი სტიქია არ არის, ადგილზე თოვლზე გართობის ალტერნატიული საშუალებებიც ქირავდება. 

ალტერნატიული კოტეჯები 

კურორტ გოდერძიმდე 2 კილომეტრში საოჯახო სასტუმროები გაიხსნა. სოფელ დანისპარაულში, გასულ წელს, 12 საოჯახო სასტუმრო დარეგისტრირდა.  აქ შედარებით იაფად დაბინავდებით და საკვებიც მზა დაგხვდებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ სრიალი მოგინდებათ,  2 კილომეტრის ფეხით გავლა მოგიწევთ, ეს ნამდვილი თავგადასავალი იქნება. 

გართობა

კლუბები, რესტორნები ან ალტერნატიული გართობის სივრცეები კურორტზე არ არის. განწყობის შექმნა თავად მოგიწევთ.

კომუნიკაცია 

კურორტზე გამართულად მუშაობს ფიჭური ქსელები, იჭერს ყველა მობილურ ოპერატორს და ინტერნეტიც ხელმისაწვდომია.  

საერთო ჯამში, უხეში გათვლებით, 2 ადამიანს უქმე დღეების გატარება გოდერძზე 700 ლარამდე დაგიჯდებათ.   



ამავე კატეგორიაში