რადიო ''თავისუფლების'' განცხადება

25 იანვარი 2018, 00:00 3207 ნახვა

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახური ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ ორი ყოველკვირეული გადაცემის კონტრაქტი აღარ გააგრძელა, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. “რადიო თავისუფალი ევროპა” და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.

უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი ნენად პეიჩის მიმართ. “სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან. “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი, მაგრამ როცა საქმე პარტნიორობას ეხება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან“ - ნათქვამია განცხადებაში.

გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში განთავსდა.  მაუწყებლის დირექტორი მედია ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ნათია კაპანაძის თქმით, ქართული რედაქციის მთავარი მიმართულება დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა. მაუწყებლის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ერთობლივი პროექტები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში