#ხმაურისდროა - აქცია არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

24 იანვარი 2018, 00:00 2463 ნახვა

#ხმაურისდროა ამ ჰეშტეგით სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილი აქციას აანონსებენ. ფეისბუკში აქტივობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშილს (ბახალას) ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. 

სოციალურ ქსელში  "ბახალას" მხარდასაჭერი აქცია - "ერთი ყველასთვის" ანონსდება. 

"ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 14 ორგანიზაცია აწერს ხელს.  

მიმართვაში წერია: 

" 25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება აქცია - ყველა ერთისთვის!

2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. 

საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში. 

საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ "ბახალას" საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!

მოვითხოვთ: 
1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი

 

ამ მოთხოვნებს 14 ხემომწერი ყავს, მათ შორის არასამტავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობები. აქციაში მონაწილეობას გეგმავს "თეთრი ხმაურის მოძრაობა", "ტალღა" "Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი",  "2 ივნისის მოძრაობა", გირჩი / Girchi, ქალთა მოძრაობა Georgian Women's Movement,  Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა, საფარი/Sapari, სამართლიანი არჩევნები (ISFED), ქალთა მზერა / Women's Gaze, ფლანგვის დეტექტორი, 
პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, მედიის განვითარების ფონდი, MDF". 

ამავე კატეგორიაში