სპორტი მთავარში

17 იანვარი 2018, 00:00 2401 ნახვა

• ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ეიტიპი რეიტინგის 117 -ე ჩოგანს , ბელგიელ რუბენ ბემელმანსს შეხვდა და სამ სეტში 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა  80 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდა. ამ მომენტისთვის ის 54-ე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მესამე წრეში, რეიტინგის 49-ე ნომერი - ბრიტანელი კაილი ედმუნდი იქნება, შეხვედრა 19 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. ავსტრალიის ღია პირველობაზე, წყვილთა თანრიგში, გოგონათა შორის ქართველი ოქსანა კალაშნიკოვაც ასპარეზობს.  მისი მეწყვილე ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკოა. ოქსანას და ვარვარას წყვილი პირველ წრეში ჩინურ დუეტს დაუპირისპირდა და 2 სეტში, ანგარიშით 6-4 6-2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ისინი პირველ ნომრად განთესილ  დუეტს შეხვდებიან.

• ბათუმის დინამოს ყოფილი შემტევი ნიკა კვანტალიანი საფეხბურთო კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. 19 წლის ფეხბურთელი ექსტრაკლასაში მოთამაშე ბრუკ -ბეთ ტერმალიცას ღირსებას დაიცავს. კონტრაქტი კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3 წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. ნიკა კვანტალიანი საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრიც გახლავთ, ბათუმის დინამოს მაისურით მან ოფიციალურ მატჩებში თავი 5 ჯერ გამოიჩინა.

• ლეგენდარულმა ბრაზილიელმა - რონალდინიო გაუჩომ საფეხბურთო კარიერა 37 წლის ასაკში ოფიციალურად დაასრულა. ის იმ ფეხბურთელთა სიაშია, ვისაც კარიერის მანძილზე ყველა ღირებული ტიტული აქვს მოგებული. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მან 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გულშემატკივარს თავი დევიდ სიმენის კარში გატანილი საოცარი გოლით დაამახსოვრა. საკლუბო კარიერის გამორჩეული წლები კი  ბარსელონას შემადგენლობაში გაატარა სადაც 2 ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის გათამაშებაც მოიგო. ამასთან ერთად ფეხბურთის ბრაზილიელი ჯადოქარი ზედიზედ ორჯერ 2004 და 2005 წლებში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

• ედი ჯონსის ინგლისის ნაკრებს 2021 წლამდე უთავკაცებს, 57 წლის სპეციალისტმა ვარდებთან ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. მოქმედი კონტრაქტი მას  2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა,  თუმცა ინგლისის რაგბის კავშირმა მოცემული ვადის გაზრდა გადაწყვიტა. ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ნაკრებს სათავეში 2015 წლის ნოემბერში ჩაუდგა და ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ექვსი ერის თასი. ედი ჯონსის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი 2019 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის კონკურენციის გაწევაა.

ამავე კატეგორიაში