ჩაიღვარა თუ არა დაბინძურებული წყალი ტბაში ზეგ გახდება ცნობილი

20 დეკემბერი 2017, 00:00 2585 ნახვა

არდაგანის ტბიდან წყლის სინჯები აღებულია. ახლა ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება, ჩაიღვარა თუ არა საწარმოო ტერიტორიდან მონარეცხი და ნახმარი წყლები ტბაში.

ტბა რომ დაბინძურებულია ეს ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, უბრალოდ სპეციალისტებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დადონ, მოხვდა თუ არა ზედაპირულ წყლებში დაბინძურებული მასალა.  კვლევის შედეგები ცნობილი ზეგ გახდება.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარის რეგიონული სამმართველოში აცხადებენ, რომ უწყებაში  შეტყობინება დღეს შევიდა. სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი ობიექტის შესამოწმებლად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ.

შეტყობინების საფუძველზე მონიტორინგი მიმდინარე წლის მაისშიც ჩატარდა. ტბაში წყალი არც მაშინ იყო სუფთა.

უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტის გეგმიური  შემოწმება არ ხდება, რადგან ის გარემოზე ზემოქმედების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას არ ეწევა.  მათივე  თქმით, მიმდინარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა იკვეთება თუ არა კომპანიის ბრალეულობა, ეს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღეს მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ ტბაში სამშენებლო სითხე იყო ჩაღვრილი. უწყებების წარმომადგენლებს ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაწოდა.

საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.  

ამავე კატეგორიაში