‘’კანონში დაგეგმილი ცვლილება მაუწყებლის იდეას აზიანებს’’ - ზვიად ქორიძე

19 დეკემბერი 2017, 00:00 3382 ნახვა

“მაუწყებლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების  მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაარსთან დაკავშირებული შესყიდვების შეძენა ტენდერების გარეშე შეეძლება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით კორუფციული გარიგებების რისკს გაზრდის. სარეკლამო დროის გაზრდა და სპონსორობის შესაძლებლობა კი კერძო ტელევიზიებს დააზარალებს. 

დაგეგმილ სიახლეებს მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აპროტესტებს. ისინი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ, აკრიტიკებენ და რისკებზე საუბრობენ.

‘’ცვლილებების შედეგად, დარჩება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას იმისათვის, რომ ის განვითარდეს და გახდეს უფრო დემოკრატიული? - ამ ჭრილში განიხილავს პროცესს მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. იგი ‘’მაუწყებლის შესახებ კანონში’’ დაგეგმილ ცვლილებებში რისკებს ხედავს. ამბობს, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა გაუჩნდეს პრობლემა, იმის გამო, რომ დღეს მენეჯმენტში კონკრეტულ პირებს გაუჩნდათ სურვილი რეკლამით და სპონსორობით უფრო მეტი ფული იშოვონ. 
მედია ექსპერტი ფიქრობს, რომ ადგილი აქვს  მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასაც. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს სწორედ იმისათვის, რომ იყოს მიუკერძოებელი და მაქსიმალურად ობიექტური. 
ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ რეკლამას ან მხოლოდ შესყიდვებს არ უკავშირდება. ‘’ეს ცვლილელები მთლიანობაში უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუნებას, ჩვენ ასე უნდა შევხედოთ ან კანონპროექტს და არ მოვახდინოთ მისი დაწვრილმანება მხოლოდ  იმ ცვლილებებზე, რომელიც კომერციული ტელემაუწყებლების ან შესყიდვების კანონის წინააღმდეგაა მიმართული. დეტალებზე ფოკუსირებით შეიძლება მთავარი არსი დავკარგოთ’’ - განმარტავს მედია ექსპერტი. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ზვიად ქორიძე საზოგადოებრვი მაუწყებლის დაფინანსების მოდელსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები საკმარის თანხას გასცემენ იმისათვის, რომ თანამშრომლების სოციალური შემოქმედებითი თავისუფლება გარანტირებული იყოს. მოქალაქეებს კი ქონდეთ ინფორმაციის წყარო, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი იქნება. 

ამავე კატეგორიაში