კურორტ “გოდერძზე” ზამთრის სეზონის გახსნა

10 დეკემბერი 2017, 00:00 4455 ნახვა

კურორტ “გოდერძზე” დღეს ზამთრის სეზონი მესამედ იხსნება. გოდერძის უღელტეხილი მოთხილამურეებს ორ საბაგირო გონდოლასა და ბაბლის ტიპის ხაზს შესთავაზებს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. წლევანდელი სეზონისთვის კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. დღეს დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი აქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

წელს კურორტზე დამსვენებელს სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი მოემსახურება, რომელიც ერთდროულად 12 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. როგორც ცნობილია ხელი მოეწერება ახალ ოთხ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც გაზაფხულზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. ასევე კურორტზე წელს წარმოდგენილი იქნება ღია ცისქვეშ კინოთეატრი, ახალი საბავშვო გასართობი მოედანი, კაფე-რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები. გოდერძის კურორტის განვითარება 2011 წელს დაიწყო. პროექტს კომპანია „გოდერძი რეზორტი” ახორციელებს. კურორტის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10 მილიონ ევროზე მეტი შეღავათიანი სესხი იყო გამოყოფილი. ზამთრის სეზონი დღე გუდაურშიც იხსნება.

ამავე კატეგორიაში