ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად კიდევ ერთი მაღალი კორპუსი

07 დეკემბერი 2017, 00:00 11901 ნახვა

ბათუმში, ლუკა ასათიანის 8 ნომერში ერთსართულიანი "ბელეტაჟის" ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. 

ზონალურ საბჭოს სხდომაზე, სადაც ჩინოვნიკები წყვეტენ ქალაქში რა ტიპის შენობა აიგება, სამშენებლო კომპანიამ პროექტი დღეს წარადგინა. 

პროექტის მიხედვით ძველი ისტორიული სახლის ნაცვლად, მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აიგოს.  ლევან აროშიძე, რომელიც პროექტის დამკვეთია ამბობს, რომ სახლის სიმაღლე გვერდით მდგომი კორპუსის მიხედვით განსაზღვრა. ლუკა ასათიანის 6 ნომერში კი რვა სართულიანი სახლი დგას. 

"ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, არ აქვს მნიშვნელობა სამი სართული აიგება თუ ხუთი, საკითხი არასწორად დგას, გაუგებარია რატომ უნდა დაანგრიონ ეს ულამაზესი სახლი, ეს ისტორიული შენობაა და მისი დანგრევა არ შეიძლება, ასეთი მიდგომები დანაშაულებრივია და ამაზე მოგთხოვთ პასუხს საბჭოს თითოეულ წევრს" - აცხადებს ნინო ინაიშვილი,რომელიც საზოგადოება "ბათომის " წევრია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობს. 

დაანგრევენ თუ არა ისტორიულ ძეგლს "ზონალური საბჭოს" წევრები ერთ კვირაში გადაწყვეტენ. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი, რომელიც ამავდროულად ზონალური საბჭოს წევრია, აცხადებს რომ ის ამ პროექტს არ ეთანხმება. საბჭოს სხვა წევრებმა კომენტარები მედიასთან არ გააკეთეს. 

ასათიანის რვა ნომერი ძველი ბათმური ტიპის არქიტეტურის ნიმუშია, იგი აგურებით ნაგები ბელეტაჟია. ერთსართულიანი სახლები, ბათუმის რეალობაში თითქმის აღარ არის შემორჩენილი, სახლების უმრავლესობა ბოლო 10 წელში დაინგრა და მაღალმა კორპუსებმა ჩაანაცვლა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში