შსს: ონლაინ თამაში ''ლურჯი ვეშაპი'' საქართველოში არ ფიქსირდება

15 ოქტომბერი 2017, 00:00 4006 ნახვა

რამდენიმე დღის წინ,  ქართულ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია მოზარდის სუიციდის შესახებ და ამის სავარაუდო მიზეზად ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპი" დასახელდა.

ონლაინ თამაშს რამდენიმე სუიციდის ფაქტი დაუკავშირეს 4 თვის წინაც, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. ოთხი თვის მუშაობის შემდეგ კი დაადგინა, რომ ონლაინ თამაში "ლურჯო ვეშაპი", რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს საქართველოში ამ დროისთვის არ ფიქსირდება. 

ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ე.წ. ონლაინ თამაშთან - „ლურჯი ვეშაპი“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

"მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.

სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას.

ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში, არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა" - ნათქვამია შსს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში