დეპუტატი ირაკლი ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2363 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული,  ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. მისივე განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები  სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ,  ოჯახის ღირსების შემბღალავი განცხადებები გააკეთეს. 

''მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს'' - აცხადებს ირაკლი ხახუბია.

"2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად გარდაიცვალა ჩემი შვილი ბექა ხახუბია.  მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის  მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის  დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას.

გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად  გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს,  გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით  აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების  შანსი აღარ ჰქონდა. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიციის მხრიდან, რისთვისაც პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღო - წერია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში