პოლიციელ არჩილ დევრიშაძის სასამართლო პროცესი 

20 სექტემბერი 2017, 00:00 2933 ნახვა

პოლიციელ არჩილ დევრიშაძის წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს აცნობენ და შუამდგომლობით მიმართავენ. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს. ადვოკატ მზია დიასამიძის თქმით, არჩილ დევრიშაძე მტკიცებულებების მოპოვების პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და  მოწმეებზე ზეწოლას არ მოახდენს. ასევე არ არსებობს  მიმავლის საფრთხეც. პროკურორი დაცვის მხარის ინიციატივას არ იზიარებს.

არჩილ დევრიშაძე წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის აჭარის პროკურატურამ დააკავა. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, მას ოთხიდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით,   2017 წლის 21 ივლისს არჩილ დევრიშაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა, აღნიშნულ მონაკვეთში თანაშემწე-გამომძიებელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა. .არჩილ დევრიშაძემ მოქალაქე რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან  გაისროლა. პოლიციელმა აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

არჩილ დევრიშაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის  ჩადენას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში